საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.

გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. ქართული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისრაელის გამოფენა მათთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა როგორც არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ახალი საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად.

სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების გუნდის წარმომადგენლის, ქეთევან რეხვიაშვილის განცხადებით, ისრაელის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მზარდი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილური მოთხოვნით გამოირჩევა. მისი თქმით, IMTM 2026-ის მსგავს გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობის კონტექსტში. რეხვიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთ პლატფორმებზე მუდმივი ყოფნა საშუალებას აძლევს ქართულ ტურისტულ სექტორს, გააძლიეროს პარტნიორული ქსელი, უკეთ გაიცნოს ბაზრის მოთხოვნები და ეფექტიანად უპასუხოს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოლოდინებს.

„ისრაელის მარკეტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი აქტიური და მზარდი. ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ არის ერთჯერადი აქტიურობა ჩვენთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი თანამშრომლობისთვის და სამომავლო ახალი პარტნიორების მოსაძიებლად. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო ბევრი ტურისტი დაინტერესდება ჩვენით, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ქეთევან რეხვიაშვილი.

IMTM (International Mediterranean Tourism Market) ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენააა. საერთაშორისო გამოფენას წელს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციებია წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ და ქართული პროდუქტები დააგემოვნონ.

საერთაშორისო გამოფენები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია და მაღალმხარჯველ და გამოცდილებაზე ორიენტირებულ ტურისტულ სეგმენტში საქართველოს, როგორც პრიორიტეტული მიმართულების პოზიციონირებას ისახავს მიზნად.