Qatar Airways შეცვალა უფასო განთავსების სერვისი დოჰაში გადაჯდომის დროს, ახლა მომსახურება ფასიანი იქნება , მაგრამ სასტუმროს დაჯავშნა შესაძლებელია ფასდაკლებით.

ადრე როგორ იყო?

ადრე ავიაკომპანია Qatar Airways ყველა მგზავრს, რომელთა ტრანზიტი დოჰაში 12 საათზე მეტი იყო,  სასტუმროში 1 დღე-ღამით უფასო განთავსება ეკუთვნოდა. ორდღიანი განთავსებისთვის ორ ადამიანზე დამატებით $100 გადახდა უწევდათ.

რა შეიცვალა?

ახლა Discover Qatar Stopover პროგრამა 4 ან 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენის საშუალებას  მხოლოდ ფასიან საფუძველზე გაძლევთ, მაგრამ მნიშვნელოვან ფასდაკლებას გთავაზობთ. მაგალითად, 4* სასტუმროში ერთდღიანი განთავსების ღირებულებაა – $23, 5* – $28; ორდღიანი განთავსების – შესაბამისად $85 და $ 110,  სამდღიანი – $125 და $160, ხოლო ოთხდღიანი – $165 და $210.

რა შედის საფასურში?

მითითებულ ფასში შედის ნომერი ორ ზრდასრულსა და ერთ 11 წლამდე ასაკის ბავშვზე.

როგორ დავჯავშნოთ ნომერი?

ნომერი უშუალოდ Qatar Airways  ვებგვერდზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩამოსვლამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე. დაჯავშნა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სასტუმროში განთავსება – 2019 წლის 4 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე. სასტუმროს დაჯავშნის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ეძლევათ, რომელთა ბილეთის კოდი „157“-ით იწყება და დოჰაში ტრანზიტი 12 საათზე მეტი პერიოდით გრძელდება.

წყარო: aviabiletebi.org