კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ოქტომბერში დოჰა-თბილისი-დოჰის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისების რაოდენობას ზრდის. უკვე დაგეგმილ რეისებს, რომელიც 9 და 23 ოქტომბერს შესრულდება, 16 ოქტომბრის რეისიც დაემატა. ავიაკომპანიამ ასევე დაანონსა 1-ელი ნოემბრის ჩარტერული რეისიც.

ოქტომბერშიც Qatar Airways-ის ჩარტერული რეისები, წინა თვეების მსგავსად იქნება გამყვანი, ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ის რეისებს აქტიური გამოყენება აქვს აშშ-ს მიმართულებით წამსვლელ მგზავრებში და ამიტომ ბილეთების რეალიზაციისას განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მათზე კეთდება, რომლებიც ტრანზიტულად, დოჰას გავლით მოხვდებიან საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

B1/B2 კატეგორიის ვიზის მფლობელმა მგზავრმა, Qatar Airways-ზე რეგისტრაციისას უნდა წარადგინოს დადასტურებული უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი; წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი რეისზე არ დაიშვება.
ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთჯერადად ყოფნის ვადა განსაზღვრულია შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვით.

Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზემეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.