სარეიტინგო კომპანია Skytrax-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა. წელს რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მათ შორის ცვლილებებია ლიდერთა რიგებში.
Skytrax-ის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში სათავეში Qatar Airways-ი მოხვდა და პირველ ადგილზე Singapore Airlines ჩამოაცილა. 2011 წლის შემდეგ, ავიაკომპანია Qatar Airways უკვე მერვედ დასახელდა საუკეთესო ავიაკომპანიად, 2023 წელს მას მეორე ადგილი ეკავა.
დღევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზეა Singapore Airlines. Emirates-მა მესამე ადგილი დაიკავა, შარშანდელთან შედარებით ის ერთი პოზიციითაა დაწინაურებული.
აზიური ავიაკომპანიები აგრძელებენ დომინირებას TOP-10-ში. ვერც ერთი ამერიკული ავიაკომპანია ვერ მოხვდა რეიტინგის მწვერვალზე. Delta Air Lines იყო აშშ-ს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ავიაკომპანია, რომელიც დღეს 21-ე ადგილზეა, რომლის რეიტინგიც გასულ წელთან შედარებით ერთი ადგილით არის დაქვეითებული.
Skytrax-ის რეიტინგები ეფუძნება მომხმარებელთა გამოკითხვებს, რომლებიც მოწოდებულია მგზავრების მიერ 100-ზე მეტ ქვეყანაში 2023-2024 წლებში.
Qatar Airways დასახელდა საუკეთესოდ მსოფლიოში რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ბიზნეს კლასისა და საუკეთესო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში. მეორე ადგილზე გასულმა Singapore Airlines-მა მიიღო ჯილდოები საუკეთესო პირველი კლასისა და საუკეთესო სალონის ეკიპაჟისთვის და ასევე დასახელდა საუკეთესო ავიაკომპანიად აზიაში.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კატეგორიაში, მალაიზიურმა AirAsia-მა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო სინგაპურის Scoot დასახელდა საუკეთესო გრძელმაგისტრალურ რეისებზე ოპერირებად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად.
Delta Air Lines-ი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ათეულში პირველ ადგილზეა. რეიტინგში მას მოსდევს Air Canada, United Airlines, Porter Airlines და Air Transat. TOP-5 ავიაკომპანიიდან სამი დაფუძნებულია კანადაში, ხოლო სხვა მსხვილი ამერიკული ავიაკომპანიები რეიტინგში შედარებით უფრო დაბლა პოზიციაზე მოხვდნენ.
Skytrax-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10 ასეთია:
1. Qatar Airways
2. Singapore Airlines
3. Emirates
4. ANA All Nippon Airways
5. Cathay Pacific Airways
6. Japan Airlines
7. Turkish Airlines
8. EVA Air
9. Air France
10. Swiss International Air Lines.