საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან ნეაპოლის მიმართულების დამატებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ „იმედის“ ეთერში გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქარქაშაძეს კონკრეტული ავიაკომპანია არ დაუსახელებია, დიდი ალბათობით აღნიშნული მიმართულების დამატებაზე ქართული მხარე ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს ელაპარაკება.
„ავიაკომპანიებთან ურთიერთობებს აქვს ერთი საინტერესო სპეციფიკა: თუ რა მოთხოვნები არსებობს ამა თუ იმ მიმართულებებზე ისტორიულად. შესაბამისად, 2-3 წლის წინ აზრიც არ ექნებოდა ნეაპოლის მიმართულებაზე საუბარს არც ერთ ავიაკომპანიასთან. დღეს კი თამამად შეგვიძლია, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დავასახელოთ. ვხედავთ ნამდვილად მოთხოვნას. მოლაპარაკებებიც გაქვს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ და დარწმუნებული ვარ, რომ დადებით შედეგებს მივაღწევთ“, – აღნიშნა ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ნეაპოლისადმი ინტერესი ზენიტშია და ეს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელიც „ნაპოლის“ რიგებში საკმაოდ დიდი წარმატებებს აღწევს. ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნეაპოლი იმდენად მოთხოვნადი მიმართულება გახდა, რომ ტურისტულმა კომპანიებმა სწორედ „ნაპოლის“ მატჩებს მორგებული ტურისტული პაკეტების გაყიდვები დაიწყეს. უფრო მეტიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად საქართველოდან ჩარტერული ფრენებიც კი დაიწყო.