სამოქალაქო ავიაციის დარგის ექსპერტისა და ინჟინერის, ნიკა ხვედელიძის მრავალთვიანი შრომის შედეგად, შეიქმნა ინგლისურ-ქართული საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი. ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად და მასზე წვდომა ყველა მსურველს შეუძლია.
ლექსიკონის მთავარი მიზანი ავიაციით დაინტერესებული პირების, სპეციალისტებისა და ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევაა. ის ხელს შეუწყობს სწორი ქართული ტერმინების გავრცელებას და საავიაციო ენის სტანდარტიზაციას.
როგორც ნიკა ხვედელიძე აღნიშნავს, პროექტზე მუშაობა საინტერესო, თუმცა რთული პროცესი იყო, განსაკუთრებით ტერმინოლოგიური ანალიზის კუთხით. ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის ოჯახს მხარდაჭერისთვის.
„ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ავიაციის დარგის განვითარებაში, თუნდაც მცირე ნაბიჯებით,“ – აცხადებს ხვედელიძე.
ახალი ლექსიკონი მნიშვნელოვანი რესურსი გახდება არა მხოლოდ ავიაციის სპეციალისტებისთვის, არამედ სტუდენტებისა და ენათმეცნიერებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს ქართულ ენაზე საავიაციო ცოდნის გაღრმავებას.
როგორც ლექსიკონის აღწერაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ ავიაციით დაინტერესებული საზოგადოებისთვის არსებობდეს ზუსტი და თანამედროვე ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რათა ხელი შეეწყოს
ცოდნის სწორად მიღებას, მის გავრცელებას და სისტემატიზაციას. ამასთანავე, ლექსიკონის მიზანია შეინარჩუნოს ასევე, უწინ დადგენილი და დაზუსტებული ქართული შესატყვისები,
შეამციროს საზოგადოებაში ტერმინთა არასწორი ინტერპრეტაცია და მათი შემდგომი დამკვიდრება.
„ქართულ ენაზე პირველი საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი 1945 წლის იანვარში თბილისის საავიაციო ტექნიკუმმა, პროფესორი ვუკოლ ბერიძის რედაქციით გამოაქვეყნა. ამ მიზნით 1942 წლის დასაწყისში ტექნიკუმის დირექტორის – ინჟინრის მ. ჯიბუტის თაოსნობით ტექნიკუმთან ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის შეკრება და დადგენა. ლექსიკონი შედგენილი იყო ორ ენაზე, მოიცავდა რუსულ-ქართულ და ქართულ-რუსულ ნაწილებს და აერთიანებდა დაახლოებით 4,000 ტერმინს. ლექსიკონი გამოიცა მცირე ტირაჟით ─ 1,000 ერთეული.
სამწუხაროდ, ამის შემდგომ კონკრეტულად საავიაციო დარგისათვის
განკუთვნილი ლექსიკონი აღარ გამოცემულა და ავიაციის დარგის ტერმინები გაერთიანდა ზოგადი ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონთა სხვადასხვა გამოცემებში. ბუნებრივია, ლექსიკონი არ არის დაზღვეული შეცდომებისა და ხარვეზებისაგან“, აღნიშნულია ლექსიკონის წინასიტყვაობაში, რომელიც ნიკა ხვედელიძეს ეკუთვნის.












