ქართული ავიაკომპანია TCA მეორე HAWKER-ის ტიპის თანამედროვე თვითმფრინავის დამატებას აპირებს. ავიაკომპანიის ავიაპარკს წელს უკვე შეემატა HAWKER-800XP, რომელიც განკუთვნილია როგორც ბიზნეს ფრენებისთვის, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო მიზნებისთვის.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი შალვა კიკნაძე განმარტავს, ბიზნეს და სამედიცინო-საევაკუაციო ფრენებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ამ ფონზე ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ავიაპარკის ზრდა გადაწყვიტა. 

TCA ხომალდის მიღებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს ევროპულ კომპანიებთან. ამ დროისათვის უკვე შერჩეულია ორი ხომალდი, საიდანაც ოქტომბრის ბოლომდე ერთ-ერთის შემოყვანა მოხდება. 

„ბიზნეს ფრენებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. როგორც მოგეხსენებათ HAWKER-800XP განკუთვნილია სამედიცინო მიზნებისთვისაც. გარკვეულ დროში შესაძლებელია ბიზნეს-სალონის კონვერტირება სამედიცინო სალონზე. პანდემიის ფონზე თავი შევიკავეთ გაგვეკეთებინა საჰაერო ხომალდის როგორც სამედიცინო ასე ბიზნეს ფრენებზე აღრევა. ამ ფონზე ავიაკომპანიის დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება შევიძინოთ ანალოგიური ტიპის მეორე ხომალდი, რომელთაგან ერთი მუდმივად იქნება განკუთვნილი ბიზნეს ფრენებისთვის, ხოლო მეორე სამედიცინო-საევაკუაციო მიზნებისთვის“, – განაცხადა ავიაკომპანია TCA-ს წარმომადგენელმა შალვა კიკნაძემ.

იმისათვის, რომ TCA-ს HAWKER-მა სრულფასოვანი სამედიცინო-საევაკუაციო ფრენები განახორციელოს, საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც TCA-მ მწარმოებელ ქვეყანას, გერმანიას დაუკვეთა და ამ დროისათვის ის თურქეთშია დასაწყობებული. თურქეთიდან მის ჩამოტანას ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს, სადაც ავიაკომპანიის ერთ-ერთი საჰაერო ხომალდი ჩაფრინდება, რომელმაც იმავდროულად თურქეთში პერიოდული ტექნიკური მომსახურება უნდა გაიაროს.

HAWKER-800XP-ს თავისუფლად შეუძლია საშუალო მაგისტრალური ფრენების განხორციელება. HAWKER-800XP-მა ფრენები უკვე შეასრულა არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ინდოეთის, სომხეთის მიმართულებით და პირიქით.  

HAWKER-800XP-ს მზადაა, რომ ფრენები შეასრულოს ასევე ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია TCA-ს (Airline TCA LLC) ავიაპარკს HAWKER 800XP 2021 წლის მარტში შეემატა. ავიაკომპანიამ აღნიშნული საჰაერო ხომალდი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიისგან აიღო. 

HAWKER 800XP არის საჰაერო ხომალდი, ცვალებადი კონფიგურაციით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიზნეს დანიშნულებით ფრენების განსახორციელებლად, ასევე სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებისათვის. საჰაერო ხომალდის გადაწყობა/აღჭურვა საჭიროებიდან გამომდინარე დროის თვალსაზრისით სულ რაღაც 2 საათში არის შესაძლებელი. 

TCA საჰაერო ხომალდის ჩამოყვანის ძირითად დანიშნულებად მოიაზრებს სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებს, რადგან ამიერკავკასიის რეგიონში, ასეთი სახის საჰაერო ხომალდი არ არის.

2019/2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან საშუალოდ 100-მდე სამედიცინო დანიშნულების გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცაღა ის მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ მოიაზრება, რადგან ავიაკომპანია სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

დღეისათვის ავიაკომპანია TCA-ს ექსპლუატაციაში არის ორი ვერტმფრენი და ერთი HAWKER-ი.