ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas მომხმარებელთა მოტყუებისთვის ფიქტიურ ფრენებზე ბილეთების გაყიდვისთვის და ფრენების დროული შეტყობინების გარეშე გაუქმებისთვის ჯარიმის სახით 66 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიაზე (ACCC) დაყრდნობით ვრცელდება.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიამ აღიარა დანაშაული და დათანხმდა 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის (66 მილიონ დოლარზე მეტი) ჯარიმის გადახდას მომხმარებელთა დაცვის ეროვნული კანონების დარღვევისთვის.
„Qantas ასევე გადაუხდის დაახლოებით 20 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ($13,3 მილიონი) კლიენტებს, რომლებმაც იყიდეს ბილეთები იმ ფრენებზე, რომელთა განხორციელებასაც კომპანია არ გეგმავდა“, – განმარტა კომისიამ და აღნიშნა, რომ კომპენსაცია მერყეობს 225-დან 450 ავსტრალიურ დოლარამდე ($150-დან $300-მდე) და მას 86,5 ათასზე მეტ ადამიანი მიიღებს.
„Qantas-ის საქციელი სრულიად მიუღებელი იყო […] და ჩვენ ველით, რომ სასჯელი, სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, შემაკავებელი იქნება სხვა კომპანიებისთვის. ჩვენ ველით, რომ ავსტრალიაში მოქმედი ბიზნესები უშუალოდ და გულწრფელად მოექცევიან თავიანთ მომხმარებლებს“ – ACCC თქვა თავმჯდომარემ ჯინა კას-გოტლიბმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიამ ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანია კლიენტების მოტყუებაში 2023 წლის აგვისტოში დაადანაშაულა. Qantas-ი ავსტრალიის საჰაერო მგზავრთნაკადის დაახლოებით 66%-ს ემსახურება. მარეგულირებლის ცნობით, Qantas-მა გაყიდა ბილეთები 8 ათასზე მეტი რეისისთვის, რომელიც დაგეგმილი იყო 2022 წლის მაისიდან ივლისის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში. გადამზიდველმა ასევე დროულად არ შეატყობინა მგზავრებს ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი რეისის გაუქმების შესახებ.