ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas Airlines-ი და ევროპული ავიამშენებელი კომპანია Airbus-ი გეგმავენ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელონ ავსტრალიაში მდგრადი საწვავის ინდუსტრიის განვითარებისთვის, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ჯოისმა კატარში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ჯოისმა თქვა, რომ ინვესტიცია დააჩქარებს ავსტრალიის მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ინდუსტრიის განვითარებას და დაეხმარება ავიაკომპანიებს ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზნების მიღწევაში.
“ეს ინვესტიცია ავსტრალიაში ხელს შეუწყობს ბიოსაწვავის ადგილობრივი ინდუსტრიის დაწყებას და იმედია მოიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციას მთავრობებისგან და სხვა ბიზნესებისგან და უფრო მეტ იმპულსს მისცემს ინდუსტრიას მთლიანობაში“, – თქვა ჯოისმა.
”ჩვენთვის აზრი აქვს ინვესტირებას ინდუსტრიაში, სადაც ჩვენ ვიქნებით ყველაზე დიდი მომხმარებელი,” – თქვა მან და დასძინა, რომ ინვესტიციის ნაწილი განხორციელდება Airbus-ისა და ძრავების მწარმოებელი Pratt & Whitney-ისგან.
„ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრალია, რომელიც გეოგრაფიულად შორს არის და ძლიერ არის დამოკიდებული ავიაციაზე, რათა დარჩეს დაკავშირებული როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – თქვა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ.
მან აღნიშნა, რომ SAF-ის ფართო გამოყენება იქნება მთავარი ფაქტორი საავიაციო ინდუსტრიის მიზნის მისაღწევად – ნულოვანი გამონაბოლქვი 2050 წლისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 19 თებერვალს Airbus SAS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ განაცხადა, რომ კომპანია მომავალში აპირებს გამოიყენოს მხოლოდ წყალბადზე მომუშავე ძრავები.