ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად, საქართველო თვითმფრინავს გააგზავნის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის ავღანეთის მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამისი ნებართვების მიღებისთვის.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინის ბორტით უნდა წამოსულიყვნენ, თუმცა, დაძაბულობის გამო, აეროპორტში ვერ მივიდნენ.

“ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი.

მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მისვლა იმიტომ, რომ მდგომარეობა ქაბულში იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს ბაზაზე დარჩენა. ახლა ვმუშაობთ საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად, თუ მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, რომ ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით აეროპორტში, ახალ მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ  მათ ჩამოყვანას საქართველოში”, – განმარტა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

სავარაუდოდ საქართველოდან ავღანეთის მიმართულებით რეისს ავიაკომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს, რომელსაც ცხელი წერტილებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის სათანადო გამოცდილება უკვე აქვს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.