ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდის ინციდენტს, რომელსაც აფრენისას ტექნიკური პრობლემა დაუფიქსირდა და დედაქალაქის ცაზე 2 საათიანი ფრენის შემდეგ, უკან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაჯდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება “ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი.
თამუნა თანდაშვილს, რომელსაც Georgian Airways-ში მუშაობის გამოცდილება აქვს აცხადებს, რომ რაც არ უნდა განსჯის საგანი იყოს ავიაკომპანიის სერვისის დ ხარისხის ნაწილი, ტექნიკური მხარე და ტექნიკური პერსონალი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა.
“ძალიან მნიშვნელოვნია სწორი კომუნიკაცია, როცა საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არავისთვის არის ნოუჰაუ.
ავიაციაში – რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პირდაპირ მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული ყველაზე უკეთ იციან ამის შესახებ.
ძალიან გავს სამედიცინო სფერო ავიაციას ამ მხრივ.
მრავალწლიან გამოცდილებაზე, მაღალპროფესიონალურ სტანდარტებსა და რეგულაციებზე, პროტოკოლებზე აწყობილი მთელი ინდუსტრია – ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია მსოფლიოში.
ფაქტი ჯიუტია!
მეც მიმუშავია ავიაკომპანიაში, რომელსაც გუშინ ტექნიკური გაუმართაობა შეემთხვა და კარგად ვიცი მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. რაც არ უნდა განსჯის საგანი იყოს სერვისის დ ხარისხის ნაწილი, ტექნიკური მხარე და ტექნიკური პერსონალი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა, სხვანაირად თანამდროვე საავიაცაიო სამყაროში ვერ იარსებებ. არავინ მოგცემს ფრენის უფლებას. რაც სიმართლეა უნდა ითქვას ობიექტურად.
ექსტრემალურ სიტუაციაში პროფესიონალი აკეთებს თავის საქმეს და დანარჩენების მოვალეობაა იზრუნონ მგზავრებისა და მათი ახლობლების სიმშვიდეზე, არ შექმნან პანიკა და დესტრუქცია. მედიასა და კომუნიკაციას ასევე დიდი როლი აქვს ამ დროს და პასუხისმგებლობაც.
პროფესიონალი თუ არ ხარ, ავიაციაშიც არ უნდა იყო. შენი პირდაპირი მოვალეობაა მიყვე პროტოკოლს და ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთო სიტუაციის სამართავად. როგორც საბედნიეროდ მოხდა.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მეტი სამუშაო გვაქვს მედიასთან, მეტი კომპეტენტური ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ და ერთად ვიზრუნოთ სფეროს ცნობადობის გაზრდის და კომუნიკაციის სტანდარტების დასაცავად, იმ შიშისა და პანიკის დასაძლევად რაც გუშინ მოედო სრულიად ქვეყანას.
მშვიდობიანი დღე გქონდეთ ყველას და უღრუბლო ცა!”, წერს სოციალურ ქსელში “ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი.