Ryanair-სა და Wizz Air-ს ბარგის გაბარიტების შემოწმების გამო პრობლემები შეექმნათ.
მგზავრები აეროპორტებში ბარგის ზომის მკაცრი და არათანაბარი შემოწმების ზრდაზე ჩივიან. საჩივრები ძირითადად ეხება პოპულარულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს — Ryanair-სა და Wizz Air-ს.
როგორც იუწყება e-gospodarka.pl, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოფისის (UOKiK) პრეზიდენტმა უკვე დაიწყო პროცედურები ამ ავიაკომპანიებთან მიმართებით, რათა შეამოწმოს, არღვევენ თუ არა მგზავრთა უფლებებს დამატებითი გადასახადების დაკისრების გზით.
რა პრობლემებია:
მგზავრებს ეუბნებიან, რომ ბარგი “მეტისმეტად დიდია”, მიუხედავად იმისა, რომ იგი კომპანიის მიერ დასაშვებ ზომებს შეესაბამება.
ბარგის გადამოწმება ხორციელდება სპეციალურ ჩარჩოში (საიზერში), რომელიც, როგორც ირკვევა, ზოგჯერ უფრო პატარაა, ვიდრე კომპანიების ოფიციალურად გამოცხადებული საზომი სტანდარტები.
ბარგის შემოწმება ხდება დაჩქარებულად და გადაზომვის ან გადამოწმების შესაძლებლობის გარეშე, რაც მგზავრებს ხშირად აიძულებს ადგილზე გადაიხადონ დამატებითი საფასური ან ხელახლა გადაალაგონ ბარგი.
მომხმარებლების აზრით, ეს პრაქტიკა მიზანმიმართულია დამატებითი შემოსავლების მისაღებად.
როგორ რეაგირებს მარეგულირებელი ორგანო:
UOKiK უკვე იკვლევს შემდეგ საკითხებს:
ავიაკომპანიების მიერ ბილეთის შეძენისას მიცემულ ინფორმაციას
ბარგის გაზომვის მეთოდსა და პროცედურას
დამატებითი გადასახადების გამოთვლის წესებს
გადაუხდელობის შემთხვევაში გამოყენებულ სანქციებს
საჩივრების განხილვის მექანიზმებს
ორგანოს ხელმძღვანელი ტომაშ ხრუსტნი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გონივრულ წონასა და ზომაში არსებული ხელბარგი უნდა ჩაითვალოს ტრანსპორტირების ფასში ჩადებულ მომსახურებად და მასზე დამატებითი გადასახადი დაუშვებელია.












