თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.
სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.
ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს.