პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა.
„ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, არ გამოვა არაფერი. ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენც, ცალკე აღებული ქვეყანა, მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც, სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში, ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ჩვენი ყველას ამოცანა ერთად არის ძალიან გასაგები და გონივრული. ფრთხილად უნდა გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.