გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ქართული და თურქული ნაციონალური ავიაგადამზიდავები არიან.
ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Turkish Airlines-ი 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ბაზრის 12-12%-იანი წილის მფლობელები გახდნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში Georgian Airways-ი საქართველოს აეროპორტებში 247 ათას 485 მგზავრს მოემსახურა, ხოლო Turkish Airlines-ი 246 ათას 21 მგზავრს და შესაბამისად მათზე აეროპორტების გავლით გადაყვანილი საერთო მგზავრთნაკადის 12-12%-ი მოდის.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით Turkish Airlines-ს ბაზრის წილი არ შეუცვლია და ის კვლავინდებურად 12%-ის დონეზე შეინარჩუნა.
Georgian Airways-მა კი მოახერხა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 3%-ით გაზარდა. 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ქართული ავიაკომპანიის წილი 9%-ს შეადგენდა.

2018 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Wizz Air Hungary, რომელიც ექვს თვეში 223 ათას 364 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 11%-ის მფლობელი გახდა. გასული წლის ორი კვარტლის მაჩვენებლებით კი მეორე ადგილზე Georgian Airways-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) იყვნენ 9-9%-ით.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მე-3 ადგილზე ამჯერად არაბული ავიაკომპანია Fly Dubai, უკრაინული FlyUIA და რუსული Ural Airlines-ი მოხვდნენ, რომლებიც ბაზრის 5-5%-ის მფლობელები არიან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Fly Dubai-მ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით ბაზრის წილის 1%-იანი, FlyUIA-მ 4%-იანი კლება დააფიქსირა, ხოლო Ural Airlines-მა კი მოახერხა და საკუთარი შედეგი 2%-ით გააუმჯობესა.
2018 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი და S7 Airlines-ი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 3-3%-ს აკონტროლებენ Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი.
2-2%-ს კი ფლობენ Zagros Airlines-ი, Qatar Airways-ი, EL AL Israel Airlines-ი, Air Arabia, Azerbaijan Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Belavia, Air Astana, LOT Polish Airlines-ი, Lufthansa, ATA Airlines-ი, ISRAIR-ი, YANAIR-ი.
2018 წლის ექვს თვეში რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთნაკადში 1-1%-ის მფლობელები არიან Air Baltic-ი, Aegean Airlines-ი, Air Cairo, China Southern Airlines-ი, Kish Airlines-ი, Atlasglobal-ი და Nordavia.
2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 87%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 13%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.
2017 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 91%-ი უცხოურს, ხოლო 9%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა.
PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.