პირიქით, Wizz Air-თან ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაზარდონ დაფარვის ზონა საქართველოდან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ავიაკომპანიისგან განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება.

„Wizz Air-იდან ჩვენ არ გვაქვს არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. პირიქით, ვმუშაობთ მათთან იმისთვის, რომ გაზარდონ დაფარვის ზონა საქართველოდან. მოხარულები ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც შედგა ჩვენსა და Wizz Air-ს შორის, 4 ბაზირებული ხომალდით. იმედს ვიქონიებთ, რომ მიმდინარე წელსაც გვექნება საინტერესო სიახლეები იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი ევროპული მიმართულება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძრავების პრობლემების გამო, Wizz Air მარტის ბოლომდე 40-მდე თვითმფრინავს გააჩერებს. შესაბამისად შემცირდება ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელი.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი ახლა 200 თვითმფრინავისგან შედგება. 40 პრობლემური ხომალდის გამო, გადამზიდავი კარგავს ტევადობის 20%-ს. სიტუაციის სწრაფად გამოსწორების საშუალება არ არსებობს – ამას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამიტომ ავიაკომპანიაში ფრენების შემცირება გადაწყვიტეს.
უკვე დადასტურებულია, რომ ცვლილებები აისახება მარშრუტებზე ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან.