ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, კლერ ოლბლესთან შეხვდრაზე ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიაფრენების დაწყების შესაძლებლობა განიხილა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი. ამასთან, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკასა და ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე. ამ უკანასკნელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი – 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
„ოპტიმისტურად ვაფასებთ ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიარეისების დაწყებას. ჩვენთვის ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საავიაციო და ტურისტული ბაზარია. დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ვსწავლობთ ბრიტანეთის ბაზარს, რათა განვახორციელოთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.