რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გარკვეულწილად კავშირშია იმ საერთაშორისო ღონისძიებებთან, რომლებიც გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართა.
შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პირდაპირი ფრენები იქნება ზუსტად განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა.
„ის ფაქტი, რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მისასალმებელია და როგორც ეკონომიკას, ისე სფეროს ადგება. 2024 წლის იანვარ-მარტში კონკრეტული მიმართულებები იყო, რომელიც უშუალოდ გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობებს უკავშირდება. შესაბამისად დადებითი შედეგიც ამიტომაც გაქვს. ის რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წინა პერიოდში აქვს ნამუშევარი ახლა აისახა რაოდენობაზე და ციფრებზე. მთელს სფეროზე ეს რა თქმა უნდა ვერ აისახებოდა, ეს გარკვეულწილად იმ მიმართულებას შეეხო, ვინც ზამთრის კურორტებზე ოპერირებენ. მაგრამ ზოგადად ეს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი თანხაა. მომავლისთვის დაგეგმილი და ახლა შესრულებული პირდაპირი ფრენები იქნება ზუსტად განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ის ღონისძიებები რაც დაგეგმილია ხელს შეუწყობს განვითარებას. მაგრამ აქ შემაფერხებელი პირობებიც არსებობს, როგორც ობიექტური ისე საგარეო ჭრილში და თუ ხელისშეშლა არ იქნა, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა წელსაც გაზრდილი იქნება“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.