ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.
„თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე იქნება მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.
„რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. 2018 წელს განხორციელდა მიზანშეწონილობის შესწავლა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვეძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და გავაფართოოთ ეს ურთიერთობები. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს კარგია ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.
წყარო: interpressnews.ge