მგზავრთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) განსახილველად ნორმატიული აქტების პროექტები გამოიტანა, რომლის მიხედვითაც ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით.
განსაკუთრებული ვითარება – ვითარება, როდესაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, მეტეოპირობებმა, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებულმა მოულოდნელმა რისკებმა, გაფიცვებმა და სხვა მსგავსმა მოვლენებმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომსახურე ავიაგადამზიდველის საქმიანობაზე და გამოიწვიოს ფრენის დაგვიანება/გაუქმება.
იმ შემთხვევაში თუ ფრენის დაგვიანება შეადგენს სულ მცირე 5 საათს, მგზავრს უფლება ექნება მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება და საწყის პუნქტამდე დაბრუნება.
საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, დაგვიანების ან/და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 250,00 EUR – 1500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე ფრენისას;
ბ) 400,00 EUR – 1500 კილომეტრზე მეტსა და 3500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე ფრენისას;
გ) 600 EUR – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.
. საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის ან/და ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მომსახურე ავიაგადამზიდველს უფლება აქვს შეამციროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად და ჩაფრენის დრო არ აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს:
ა) ორი საათით – 1500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე ფრენისას;
ბ) სამი საათით – 1500 კილომეტრიდან 3500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე ფრენისას;
გ) ოთხი საათით – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.
ფრენის დაგვიანების შემთხვევაში, მომსახურე ავიაგადამზიდველს უფლება აქვს შეამციროს კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და ფაქტობრივი ჩაფრენის დრო არ აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს ოთხი საათით – 3500-ზე მეტ მანძილზე.
ირკვევა, რომ მომსახურე ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ პირობებს შორის:
ა) ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, რომელიც უნდა გაიცეს ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, მგზავრობის როგორც შესრულებული, ისე შეუსრულებელი ნაწილ(ებ)ის ღირებულების ჩათვლით, თუ ფრენით მგზავრმა ვერ განახორციელა ის მიზანი, რაც დაგეგმილი ჰქონდა მგზავრობის დაწყებისას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება;
ბ) პირველი შესაძლებლობისთანავე, თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა;
გ) მგზავრის თხოვნის გათვალისწინებით და მოგვიანებით მისთვის ხელსაყრელ დროს, თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა, თუ კი აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა თავისუფალი ადგილების რაოდენობა.
“ბრძანების პროექტს – „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად. აქამდე, ავიაგადამზიდველის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების შემთხვევებზე.
წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროპორტიდან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იღებენ კომპენსაციას ან დახმარებას ამავე ქვეყანაში”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე (N261/2004) დაყრდნობით და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს.
წესის ცვლილების პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: atd@gcaa.ge