უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შეუძლია 3 წლამდე შეაჩეროს ფრენები და არ გაკოტრდეს, აღნიშნულის შესახებ განცხადება Index-თან საუბრისას ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ გააკეთა. 

ვარადის განმარტებით, საბოლოო ჯამში COVID-19-ის გავლენა ავიაციაზე პირველი ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული იქნება. Wizz Air-ს გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში ვარდნა აპრილის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს, ხოლო ზაფხულისთვის სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდეს. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა რეგიონისა და ავიაკომპანიების ბაზრის აღდგენის ტემპი განსხვავებული იყოს.

ვარადის თქმით, პრობლემა გამწვავებულია იმით, რომ თითოეული ქვეყანა მის მოსაგვარებლად სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს და კოორდინაცია არ ხდება საერთაშორისო დონეზე. გადაწყვეტილებების ქაოტურობა კი პანიკას და მომხმარებელთა შორის გაურკვევლობა იწვევს. მარტში ავიაგადაზიდვების ბაზარი 20-25%-ით შემცირდება, ხოლო აპრილში ვარდნა შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს. მაისში კი ვითარება დასტაბილურდება და ივნისში ზრდისკენ წავა. 

რაც შეეხება უსაფრთხოების ზღვარს, ვარადის თქმით, Wizz Air-ს  1,5 მილიარდი ევრო მოცულობის ფინანსური რეზერვი გააჩნია, რაც კომპანიას ამგვარი კრიზისების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას აძლევს. 

“ინდუსტრიის კვლევების თანახმად, Wiz Air-ი ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესი ავიაკომპანიაა. ასე რომ, თუ ეს კრიზისი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ავიაკომპანიებს, Wiz Air-ს ეს ყველაზე ნაკლებად შეეხება. 

არც ერთი რეისიც, რომ არ შევასრულოთ, დაახლოებით სამი წელი კომპანია საკუთარი თავის მხარდაჭერას მაინც მოახერხებს”-  განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

​ვარადი მიიჩნევს, რომ კონკურენტების შემთხვევაში ფინანსები 1-2 თვე ეყოფათ. ამიტომაცაა, რომ ბევრი ავიაკომპანია უკვე ცდილობს მთავრობისგან დაფინანსება მოიპოვოს, წინააღმდეგ შეთხვევაში ისინი არსებობას ვეღარ შეძლებენ. 

Wizz Air-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ავიაკომპანიები დახმარების მიღების შემთხვევაშიც კი, განვითარების ხედვას გადახედავენ, რადგან გარკვეულ მომენტში სესხების დაფარვა მოუწევთ და იძულებული იქნებიან განვითარების მოდელი შეცვალონ.

ვარადი ელოდება, რომ ბაზრიდან სუსტი ავიაკომპანიები გაქრება, ხოლო ძლიერი ავიაკომპანიები, კრიზისის შემდეგ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

Wizz Air-ი არ აპირებს, რომ უნგრეთის მთავრობას სახელმწიფო დახმარებისთვის მიმართოს.