ფრანკფურტის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია, მასშტაბურ სიახლეს სთავაზობს მოგზაურებს. ოთხშაბათს, 23 აპრილს, ოფიციალურად გაიხსნა ახალი, მე-3 ტერმინალი, რომელიც წელიწადში 19 მილიონამდე მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყველა ავიაკომპანია, რომელიც აქამდე მე-2 ტერმინალში ოპერირებდა, მე-3 ტერმინალში გადაინაცვლებს. პირველებს შორის იქნებიან ისეთი მსხვილი გადამზიდავები, როგორებიცაა:

Emirates

Qatar Airways

Cathay Pacific

Etihad Airways

Korean Air

პირველი ტერმინალის ბინადრები, მათ შორის Lufthansa და მისი Star Alliance პარტნიორები, ადგილს არ იცვლიან.

ახალი შენობა დანარჩენ აეროპორტთან დაკავშირებულია Sky Line მატარებლით. მგზავრებს ტერმინალებს შორის გადაადგილება სულ რაღაც 8 წუთში შეეძლებათ.

არქიტექტორ კრისტოფ მეკლერის ჩანაფიქრით, ტერმინალი „ქალაქს ქალაქში“ წარმოადგენს. შენობას აქვს შვიდი დონე და გამორჩეული „ტალღოვანი“ ფოლადის ჭერი მთავარ სავაჭრო მოედანზე. ტერმინალის „რეზიდენტი ხელოვანი“, ტობიას რებერგერი, სივრცეს სხვადასხვა ინსტალაციებით ამშვენებს, რომლებიც მოგზაურობისა და გარდასახვის თემას ეძღვნება.

კვება და შოპინგი

მე-3 ტერმინალი მდიდარია კვების ობიექტებით. აქ დაგხვდებათ:

Sophia Loren Restaurant (იტალიური სამზარეულო)

EL&N London (ცნობილი ინსტაგრამ-კაფე)

Axel Schmitt-ის საცხობი

Origin Bar + Eatery, Burger King და სხვა.

სავაჭრო ზონაში კი წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა BOSS, Montblanc, LONGCHAMP, TUMI და Victoria’s Secret. მათთვის, ვისაც ფრენებს შორის დასვენება სურს, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური საძილე კაფსულები (napcabs).