default

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოწვევით, ქალაქ ფოთში აეროლოგიური დაკვირვების სადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

ფოთში დამონტაჟებული აეროლოგიური დაკვირვების სადგური ატმოსფეროს ზედა ფენებში ზომავს მეტეოროლოგიურ პარამეტრებს: ქარის სიჩქარეს და მიმართულებას, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას, რომელიც საჭიროა ამინდის და სტიქიური მოვლენების მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზისთვის, კლიმატური ანალიზისთვის, ასევე, აგროწარმოებისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ავიაციისთვის, მრავალმხრივი საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის და სხვა.

აეროლოგიური დაკვირვების წარმოებისთვის მსუბუქი აეროსტატების ექსლუატაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული კოორდინაციის ფარგლებში არის შესაძლებელი. ამ მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეცილისტებმა შეისწავლეს მეტეოროლოგიური რადიოზონდების გაშვების წარმოდგენილი კოორდინატები, განხორციელდა ფრენების უსაფრთხოების შეფასება, შეთანხმდა საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხი და უწყების მიერ გამოიცა შესაბამისი NOTAM-ი (საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების კუთხით არსებული ცვლილებების, წესების, საფრთხის, სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის).