საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის “Fast and Furious 9”-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება.
საჰაერო კინოგადაღება ბელგიური კომპანია „Heli and Co SA“-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ ავიაკომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნის და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.
აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.
ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.