საავიაციო საწვავ გასამართი საწარმოს რესერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების და საქართველოს საავიაციო ბაზარზე კომპანიის სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა საავიაციო საწვავზე მოთხოვნის ზრდის დადებითი ტენდენციები და ამ კუთხით „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიას“ მიერ ოპერაციული შესაძლებლობების შემდგომი განვითარების ღონისძიებები განიხილეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ ავიაკომპანიებისთვის საავიაციო საწვავით გამართულ და შეუფერხებელ მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა ბაზარზე მოქმედი ავიასაწვავგამმართველი საწარმოების მუშაობა. “პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიას” დირექტორმა არჩილ ხელაშვილმა საავიაციო საწვავის მარაგების ზრდის და ამ კუთხით ბათუმის აეროპორტში ახალი ბაზის მშენებლობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის 31 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შპს „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიაზე“ საავიაციო საწვავ გასამართი საწარმოს ახალი სერტიფიკატი – 3 წლიანი მოქმედების ვადით გაიცა. რესერტიფიცირების პროცესი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ საწარმოს მოწყობის, საშუალებებისა და პროცესების ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას და ეროვნულ და საერთაშორისო (JIG) სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებდა.
„პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯია“ საავიაციო ბაზარზე 2018 წლიდან, „გალფ ევიეიშენის“ (GULF AVIATION) სახელით ოპერირებს. კომპანია TS-1 და JAT A-1 ტიპის საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდების გამართვას თბილისისა და ბათუმის სართაშორისო აეროპორტებში, ასევე ნატახტარის აეროდრომზე ახორციელებს და აღნიშნულ სეგმენტში, ბაზრის საერთო მოცულობის დაახლოებით 50% ფლობს.