ავიაკომპანია easyJet-ი საჰაერო ხომალდში ზოგიერთ ადგილს მოხსნის, რათა პერსონალის სიმცირის მიუხედავად, შესაძლებელი იყოს ფრენა ნაკლები ბორტგამცილებით.
იმ დროს, როდესაც მოგზაურობა სწრაფად უბრუნდება პანდემიამდელ დონეს, მთელი ავიაცია პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის. easyJet-ი პრობლემის გადაჭრას საკმაოდ ექსტრემალური გზით აპირებს და თავის Airbus A319 თვითმფრინავში სავარძლების უკანა რიგის მოხსნას გეგმავს.
კომპანიის ცნობით, ამ შემთხვევაში ფრენები ოთხის ნაცვლად სამი ბორტგამცილებით იქნება შესაძლებელი. easyJet-ს მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა მისი ფლოტის მართვისა და ავიაკომპანიის მოქნილობის გაზრდისთვის.
თუმცა, ეს ზღუდავს ბორტზე მგზავრების რაოდენობას 150 ადამიანამდე. easyJet-ი აღნიშნავს, რომ ბოლო ექვსი ადგილი ჩვეულებრივ იჯავშნება გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამიტომ მაქსიმუმ 150 ბილეთის გაყიდვა გავლენას არ მოახდენს კლიენტებზე, რომლებიც უკვე გეგმავენ ზაფხულის მოგზაურობას.
ჭარბი ადგილების მოხსნით, ფრენები დააკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAA) მოთხოვნებს ბორტგამცილებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიები და აეროპორტები ებრძვიან პერსონალის დეფიციტს აღდგომის შემდეგ, რადგან მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ყველა სამოგზაურო შეზღუდვა მოიხსნა.
easyJet-ი და British Airways-ი იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ ასობით ფრენა გასულ თვეში პერსონალში ავადობის ზრდის და მრავალი პილოტისა და ტექნიკური პერსონალის არარსებობის გამო.
ავიაკომპანიების უმეტესობა ახლა უიმედოდ ეძებს ახალ თანამშრომლებს პანდემიის დროს დათხოვნილთა ჩასანაცვლებლად, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პერსონალთან დაკავშირებული პრობლემები 12 თვემდე გაგრძელდება.