ავიაკომპანია Pegasus-მა და თურქულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Tüpraş-მა, ხელი მოაწერეს სტრატეგიულ შეთანხმებას ავიაციის მდგრადი საწვავის (SAF) გამოყენების გაფართოების მიზნით.
შეთანხმების ფარგლებში, Pegasus-ი თავისი ოპერაციების ნაწილისთვის გამოიყენებს თურქეთში პირველად წარმოებულ, სერტიფიცირებულ საწვავს, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) CORSIA-ს კრიტერიუმებს.
Tüpraş-ი გეგმავს SAF-ის წარმოება 2026 წლიდან იზმირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაიწყოს. ეს ნაბიჯი Pegasus-ის “2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის” (Net Zero) სტრატეგიის ნაწილია.
საწვავი დამზადდება მცენარეული და ცხოველური ნედლეულისგან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირბადის კვალს.
Pegasus-ის ფინანსურმა დირექტორმა, ბარბაროს კუბატოღლუმ აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა დაეხმარება თურქეთში მდგრადი საწვავის ეკოსისტემის განვითარებას. თავის მხრივ, Tüpraş-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ატილა ულუსუმ ხაზი გაუსვა, რომ კომპანია მიზნად ისახავს გახდეს რეგიონის ლიდერი მწვანე ენერგიისა და SAF-ის წარმოებაში.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია თურქეთის საავიაციო სექტორისთვის, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან.












