თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო.
ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას იფრენს.
აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს Turkish Airlines-ი ასრულებდა.
დღეისათვის, Pegasus Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17 სიხშირით ასრულებს.
ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.