2020 წლის მარტიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგის მიხედვით, Pegasus Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. თუმცა სააგენტოს საიტზე ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის. GCAA-ის საიტზე ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის, სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ავიაკომპანიის ოპერირებისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვების თარიღებია მითითებული.

Pegasus Airlines-ის საიტზე ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა AviaNews-ის ინფორმაციით ავიაკომპანია სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე პირველ რეგულარულ რეისს, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან, 4 მარტს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. 2018 წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა სავარაუდოდ, დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს.