თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ ყიდულობს Czech Airlines-ს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანიაა, და მის შვილობილ კომპანიას Smartwings-ს.

ინვესტიციის საერთო ღირებულება €154 მილიონს შეადგენს. გარიგების დასრულება დამოკიდებულია მარეგულირებელი ორგანოების სავალდებულო ნებართვების მიღებაზე და სხვა პირობების შესრულებაზე.

Pegasus Airlines-ი, რომელიც 1990 წელს დაარსდა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მომგებიან ავიაკომპანიად ითვლება. კომპანია ამჟამად 55 ქვეყნის 158 მიმართულებას ემსახურება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაპარკი აქვს.

Smartwings-ი, თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გადამზიდავად ითვლება და 80 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

Pegasus Airlines-ის მიზანია, გააერთიანოს სამივე გადამზიდავის გამოცდილება და რესურსები, რათა შექმნას „მომავლისთვის მზადმყოფი ორგანიზაცია, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს უფრო ფართო ქსელსა და ხელმისაწვდომ ტარიფებს“.

Pegasus Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, გიულიზ ოზთიურქმა, განაცხადა, რომ ეს შენაძენი კომპანიისთვის ახალი თავის დაწყებას ნიშნავს:

„2005 წელს Pegasus Airlines-მა თამამი მიზანი დაისახა — საჰაერო გადაყვანა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. მას შემდეგ, ჩვენი ფლოტი 14-დან 127 თვითმფრინავამდე გავზარდეთ… ახლა, Czech Airlines-ისა და Smartwings-ის გაერთიანებით, რომელთა ჯამური ფლოტი 47 ერთეულია, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ისტორიაში.“

ამ გარიგების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქული ლოუკოსტერის პოზიციებს ევროპულ ბაზარზე.