მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  საქართველოს მიმართულებით   რეგულარული ავიარეისების აღდგენის შესახებ ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  ფრენების აღდგენის შემდეგ  საფრანგეთიდან და გერმანიიდან შემოსული მგზავრების  აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,  აეროპორტში  მგზავრების უმრავლესობას  კოვიდთან დაკავშირებით ჩაუტარდათ ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული რეისები ავიაკომპანია Lufthansa-მ განაახლა,  ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებს ფრენებს Air France განაახლებს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიაში პარტნიორი ავიაკომპანიები ბრუნდებიან, რომლებიც რეგულარულ  ავიარეისებს განაახლებენ.   განსაკუთრებით აღსანიშნავია  შემდეგი პოზიტიური ინფორმაცია, რომ გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისი ავიარეისი, ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი. მგზავრებმა კარანტინის გავლის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში მოგზაურობენ. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მიუნხენის რეისიდან ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია. მიუნხენის რეისზე ჭარბობდნენ გერმანიის მოქალაქეები, ხოლო პარიზის რეისზე საფრანგეთის. როგორც იცით, საქართველოს 5 ქვეყანასთან ნაცვალგების პრინციპით გახსნილი აქვს  საზღვარი და ამ ქვეყნების მოქალაქეებს კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, რაც შეეხება  სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ასევე ამ რეისებით ჩამოვიდნენ საქართველოში ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით გადაიყვანეს სასრტუმროებში. ამ რეისებით საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც დაბრუნდნენ, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა, ან გრძელვადიანი ბინადრობის სტატუსი აქვთ და ეს ადამიანებიც კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.