პარაგლაიდინგის პირველი შიდა ჩემპიონატი – Sakartvelo Open Cup 2024 წარმატებით ჩატარდა. შეჯიბრი, რომელიც კახეთის რეგიონში 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა საგარეჯოს პარაპლანერისტთა კლუბ “როტორის” ორგანიზებით გაიმართა, ხოლო ფრენების უსაფრთხოებაზე მონიტორინგს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენლები ახორციელებდნენ.
ჩემპიონატში მონაწილეობა 15-მდე სერტიფიცირებულმა პილოტმა მიიღო, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. პარაპლანებით ფრენები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში განხორციელდა. შეჯიბრის ფარგლებში დაცული იყო ფრენების წარმოების, პარაპლანების ვარგისიანობის შემოწმების წესები და ხვა მოთხოვნები.
საქართველოში უსაფრთხო პარაგლაიდინგის პოპულარიზაციის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში მზადაა მომავალშიც გაუწიოს დაინტერესებულ პირებს და ორგანიზატორებს ტექნიკური მხარდაჭერა ამგვარი საჰაერო სპორტული ღონისძიებებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის და საჭირო კოორდინირების კუთხით.