COVID-19-ის პანდემიის შემდეგ საქართველოს ტურისტული პოტენციალით შესაძლოა მონღოლი ტურისტებიც დაინტერესდნენ. როგორც საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური განმარტავს, Aero Georgia Group-მა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მონღოლურ ტურისტულ კომპანია Nationwide Distribution Network LLC-თან.
“პანდემიის პერიოდში და იმ დროს, როდესაც კომპანიები კოტრდებიან, ჩვენ პირიქით მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს მონღოლურ ტურისტულ კომპანია Nationwide Distribution Network LLC-თან. შესაბამისად, საქართველოში Nationwide Distribution Network LLC-ის ოფიციალური წარმომადგენელი გავხდით. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ეკონომიკური და კულტურული სფეროების განვითარებას მიმართულებით, თუმცა პირველ რიგში თანამშრომლობა მოხდება ტურისტული და ავიაციის კუთხით.
კარგია, რომ ჩვენს მსგავსად მონღოლეთი დღეს იმყოფება ე.წ. “მწვანე ზონაში”. იმედი გაქვს, რომ ამ ფონზე დავიწყებთ ტურიზმის განვითარებას. მონღოლეთში არის ძალიან დიდი პროფკავშირები, რომელიც ძალიან ბევრ წევრს აერთიანებს. ისინი წლის განმავლობაში, ოჯახური ტურებით 2-3 კვირით გადიან ქვეყნიდან. ჩვენ მათ ამ მიმართულებით საქართველო შევთავაზეთ”, აცხადებს იგორ აფციაური.
Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მალე განახლდება მოლაპარაკებები ავიაკომპანია Mongolian Airlines-თან, რათა მან მონღოლეთსა და საქართველოს შორის საწყის ეტაპზე ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყოს.
“ასევე გვქონდა მოლაპარაკებები და მალე განვაახლებთ Mongolian Airlines-თან. ჩვენ მათთან კარგო მიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ, მაგრამ ახლა განვაახლებთ მოლაპარაკებებს ჩარტერებზე და რეგულარულ მიმართულებაზე, რაც საბოლოო ჯამში შეკრებს ტურიზმის განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ პერიოდში მოვახერხეთ და გავიდეთ ახალ ბაზრებზე. კარგია, რომ მონღოლეთმა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ტურიზმის კუთხით დიდი პერსპექტივა გაქვს”, განმარტავს აფციაური. მისი თქმით, ჯერ შემომყვანი ტურიზმი განვითარდება და მოხდება ტურისტული ჯგუფების შემოყვანა მონღოლეთიდან, ხოლო შემდეგ ეტაპზე დაიწყება მუშაობა გამყვან ტურიზმზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მონღოლეთიდან 13 278 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, 2019 წელს კი 16 642 ვიზიტორი, შესაბამისად ზრდამ 25.3%-ი შეადგინა.
2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მონღოლეთიდან 228 ვიზიტორი ჰყავდა, 2020 წლის რვა თვეში კი 15 ვიზიტორი, კლება 93,4%-ი.