როგორც წესი, სასარგებლო რჩევებს ასე ასათაურებენ ხოლმე: როგორ გავხადოთ ბიზნესი წარმატებული? 10 წესი, რომელიც სულ მალე მილიონერად გაქცევთ… მე კი გადავწყვიტე ჩემი მოსაზრებები უფრო ამბის სახით მომეყოლა, ვიდრე მხოლოდ ჩამოწერილ დებულებებად. ეს უფრო გამოცდილების გაზიარებაა ვიდრე რჩევა.

განცხადება „For Sale” დიდ ულამაზეს ფანჯარაზე გამოეკრათ. ძველი სახლის ფასადი და სადარბაზო ახალი აღდგენილი იყო. უფრო იმის ინტერესი მკლავდა ფანჯრების მიღმა რა იმალებოდა. მხოლოდ ოთხი კედელი და თითქმის ორსაუკუნოვანი წარსული. ჩემი პირველი ფიქრი – იქნებ ამ შპალერების მიღმა ძველი ნახატებია ან იქნებ ამ ხნის მანძილზე ვინმეს კედლებში საიდულო სამალავი ჰქონდა, სადაც სანუკვარ წერილებს ინახავდა? ერთი სიტყვით ეს ყველაფერი უფრო საინტერესო თავგადასავლის დაწყებას ჰგავდა.

მარტივია შეხვიდე და ყველაფრის ერთბაშად გადაკეთება დაიწყო. ერთ კვირაში უკვე ვეღარც გაიხსენებ რა ფერის კედლები დაგხვდა იქ მისულს. მაგრამ ეს ყველაფერი მაშინაა იოლი, თუ არც კი ფიქრობ მათზე, ვინც იქ შენს მოსვლამდე ცხოვრობდა, არადა ამხელა ისტორიის მქონე სახლში მყოფი რთულია გაექცე აზრებს – აქ ხომ ათასგვარი ამბავია დატრიალებული, ამ კედლებს უამრავი სიხარული, ტკივილი, იმედი თუ სევდა ახსოვთ.

შპალერი დაახლოებით ოთხი ფენა დავითვალეთ და თითოეულის სტილი კონკრეტულ ეპოქაზე ჰყვებოდა: სხვა და სხვა დროის აბრეშუმი, შემდგომ კომუნისტების დროინდელი მოსკოვიდან ჩამოტანილი “აბოები”, ბოლოს კი უკვე თურქული მასალა. სწორედ აქ გაჩერდა ამ სახლის ისტორია. ნახატების მაგივრად ფერმკრთალ ცისფრად შეღებილი კედელი აღმოჩნდა, ზედ გაკრული ძველი გაყვითლებული გაზეთებით. ამის გადარჩენა შეიძლებოდა და ძალიან გაგვიხარდა, რომ ისტორიის გარკვეული ნაწილის შევინარჩუნებდით.

სახლის კარი დამძიმებული იყო ბევრი ფენა საღებავით, ალბათ ყველა მაცხოვრებელს თავისი გემოვნების და შესაძლებლობის შესაბამისად აერჩია. გადაღებვა ბევრად მარტივია ვიდრე ეძებო ის ბუნებრივი და ძველი რომელიც ამ კარს ძალიან ბევრი წლის წინ ჰქონდა. ჩვენ სწორედ ეს გზა ავირჩიეთ და ერთკვირიანი დაუღალავი შრომის შედეგად ყველა ბინადარის პატარა დეტალი და გემოვნება გამოვაჩინეთ.

შემდეგ ეროვნულ არქივსაც მივაკითხეთ სადაც 1912 წლის სახლის გადაკეთების დოკუმენტებიც და ნახაზები ვიპოვეთ , რომლებიც ჩვენს სტუმრებს ძველი სახლის ისტორიის ერთ ნაწილს მაინც უყვება.

წყარო: თიბისი დაზღვევა

https://tbcinsurance.ge/ka/blog/article/70-oTxi-kedeli