საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს ფორუმის მონაწილე, დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრის წარმომადგენელი მარკ გრინი.
„მე დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც ლონდონის უდიდესი ღონისძიებების ადგილია ვესტმისტერში. m&I ფორუმის თბილისში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება, ძალიან მომეწონა რაც ვნახე, ეს არის მშვენიერი ტურისტული მიმართულება, საოცარი სასტუმროები, პირველი დღის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა, იყვნენ ძალიან კარგი მყიდველები, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ველოდებით“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე მარკ გრინი დიდი ბრიტანეთიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი თბილისში 1- 4 ივლისის ჩათვლით იმართება.
ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.