რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი შემოდგომიდან ეკატერინბურგიდან და პერმიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. როგორც რუსული მედია წერს, Pobeda Airlines-ის გეგმებში უახლოეს ხანებში თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი მარშრუტის დამატება შედის.
ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის მარშრუტზე Pobeda Airlines-ი ოპერირებას 30 ოქტომბრიდან შეუდგება და რეისებს ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.
რაც შეეხება პერმი-თბილისის მიმართულებით რეისებს, მას ავიაკომპანია 29 ოქტომბრიდან დაიწყებს და ფრენებს ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.
ორივე მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 3299 რუსული რუბლიდან იქნება და აღნიშნული ფასი არ მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს და ადგილის არჩევას.
ორივე მიმართულებაზე Pobeda Airlines-ი ფრენებს Boeing 737-800-ით განახორციელებს, რომელიც 189 ადგილზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ Pobeda Airlines-ი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.