2021 წლის ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული რეისების მიხედვით ლიდერი ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი გახდა, რომელიც Georgian Airways Cargo-ს ბაზაზე დაფუძნდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ოქტომბერში Georgian Airlines-მა 51 რეისი შეასრულა და მთლიანობაში თვის განმავლობაში 196,186 ტონა ტვირთს მოემსახურა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც ოქტომბრის განმავლობაში 48 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული სატვირთო კომპანია Turkish Cargo, რომელმაც ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 რეისი შეასრულა. ქართულმა სატვირთო ავიაგადამზიდავმა Easy Charter-მა კი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოქტომბერში 11 რეისი განახორციელა. 

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაგადამზიდავი Fleet Air International-ი. Fleet Air International-მა ოქტომბერში 9 სატვირთო რეისი შეასრულა. 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.