ერთი წლის განმავლობაში ოფიციალურად რეგისტრირებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა 67%-ითაა გაზრდილი.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების 1116 ექსპლუატანტი (ოპერატორი), მათ შორის 33 იურიდიულ პირი. ამის შესახებ AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განუცხადეს. სააგენტოს ცნობით, 1-ელი იანვრის მდგომარეობითვე, პლატფორმაზე აიტვირთა 169 უპილოტო საჰაერო ხომალდის მონაცემი.

ერთი წლით ადრე კი, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული იყო უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების 820 ექსპლუატანტი (ოპერატორი), მათ შორის 25 იურიდიულ პირი. ამავე საანგარიშო პერიოდში, პლატფორმაზე აიტვირთა 101 უპილოტო საჰაერო ხომალდი მონაცემი.

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის N156 ბრძანების შესაბამისად, 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა 2021 წლის 1 იანვრიდან.

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის მიღება მიზნად ისახავდა საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან, წესის მიღებით, სააგენტომ უზრუნველყო ევროკავშირის რეგულაციების (EU REG 2019/947; EU REG 2019/945) შესაბამისი მოთხოვნების დანერგვა, რაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას. წესი არეგულირებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას და ადგენს მოთხოვნებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის, დისტანციური პილოტის და ექსპლუატაციაში ჩართული პირების მიმართ. ექსპლუატაციის წესი, ასევე ადგენს მოთხოვნებს უპილოტო საჰაერო ხომალდების მარკირების და იდენტიფიკაციის, გეოინფორმირების და დისტანციური იდენტიფიკაციის, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის და სერტიფიცირებული უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის მიმართ“, – განმარტავენ GCAA-ში.