ომანის დჰოფარის პროვინციაში, კერძოდ კი სალალაში, დაიწყო მასშტაბური ინტეგრირებული ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტი, სახელწოდებით „Boutique Hotel Salalah and Marina“, აბუ-დაბის განვითარების ფონდის (ADFD) ინვესტიციით, 764.5 მილიონი დირჰამის (208 მილიონ დოლარზე მეტი) მოცულობით ხორციელდება. პროექტის განმახორციელებელია Al Wathba Hospitality.
პირველი ფაზა, რომელიც 2.5 წელზეა გათვლილი, 604 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და შემდეგ ობიექტებს გააერთიანებს:
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 124 ნომრით, კერძო შალეები.
ნავსაყუდელი რესტორნებითა და კაფეებით, სანაპირო კლუბი.
ველნეს ცენტრი, დამხმარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები და კომუნალური სისტემები.
მთელი კომპლექსის ფართობი 2.5 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება, რაც სალალას სანაპირო ზოლს სრულფასოვან ტურისტულ ზონად გადააქცევს. აღნიშნულია, რომ პროექტი სრულად შეესაბამება „ომანის ხედვა 2040“ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს.
ეს პროექტი არაბთა გაერთიანებული საემიროებისთვის ომანში მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა. მეზობელ სახელმწიფოში ტურიზმისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ემირატები აძლიერებენ რეგიონულ ვაჭრობას და მოგზაურებისთვის ახალ მარშრუტებს ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 129 მილიარდი დირჰამის ღირებულების ახალი ერთობლივი პროექტები.