ომანის სასულთნოს ეროვნული ავიაკომპანია სპონსორობაზე მოლაპარაკებებს ინგლისის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ჩელსისთან“ აწარმოებს. გუშინ მედიით გავრცელდა Oman Air-ის აღმასრულებელი დირექტორის აბდულაზიზ ალ რაისისა და „ჩელსის“ მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს ფოტო, რომლებიც „ჩელსის“ სპეციალურ ფერებში გადაღებილ Oman Air-ის Boeing 787-ის დიდ მაკეტთან დგანან.
თუმცა, ინგლისური პრესის ცნობით, ავიაკომპანია „ჩელსის“ ტიტულოვანი სპონსორი არ გახდება და მისი სახელი ახალ სეზონში კლუბის მაისურზე არ გამოჩნდება. კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ Oman Air-თან პარტნიორობა იქნება, თუმცა მისი დეტალები არ დააზუსტა.