ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის ფაქტორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან სოხუმში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველა ის აქტივობა, რომელიც ხორციელდება მეგობარ ქვეყნებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ფუნდამენტური დოკუმენტების ფარგლებში, უაღრესად მნიშვნელოვანია რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აფხაზეთში ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის ღონისძიებები, უმთავრესია აეროპორტის ამოქმედება, რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა, თავის მხრივ, ეს იქნება არა მხოლოდ ტრანსპორტის პრობლემების კარგი გადაწყვეტა, არამედ ეკონომიკური ზრდის ფაქტორიც. ყველა ერთობლივი აქტივობის განხორციელებისას ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ სისტემატური და ყოვლისმომცველი მიდგომა“, – განაცხადა ანქვაბმა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უახლოეს მომავალში, რუსი ინვესტორების მონაწილეობით, რესპუბლიკაში აღდგება სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი, აშენდება სამი დიდი სასტუმრო კომპლექსი პიცუნდასთან.
„ყველა ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდება ახალი წერტილი აფხაზეთის ტურისტული სექტორისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება რუსულ კომპანიებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად შევიდნენ აფხაზურ ბაზარზე და იპოვონ განვითარების ახალი შესაძლებლობები.
„ყველა განხორციელებული პროექტი აქ დარჩება და იმუშავებს რესპუბლიკის კეთილდღეობისთვის“, – დასძინა მან.