ნოემბერ-დეკემბერში საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში თბილისში ჩამოსულ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ჰქონდა საუბარი.
“ამ დღეებში საქართველოს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი სტუმრობდა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, ავიამიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნოემბერ-დეკემბრის საქმეა”, აცხადებს ნათია თურნავა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ათენსა და თბილისს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება.