ნიდერლანდების სამეფოს აეროპორტებიდან გამგზავრება მომავალი წლიდან საგრძნობლად გაძვირდება. Telegraaf-ის ცნობით, ნიდერლანდებში საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადი სამმაგდება და 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 28.58 ევრო გახდება. გამგზავრებაზე დღეს მოქმედი ოფიციალური გადასახადი თითოეულ რეისზე თითოეული მგზავრისთვის 7.947 ევროს შეადგენს და აღნიშნული ტარიფი მოქმედებს ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში, ეინდჰოვენში, გრონინგენში, ლელისტადში, მაასტრიხტში, როტერდამსა და ენსხედეში.

ტრანზიტულ მგზავრებს აღნიშნული ხარჯები არ ეხებათ. ნიდერლანდების სამეფოში იზრდება სხვა სამგზავრო მოსაკრებლებიც, მაგალითად 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, მგზავრის მომსახურების სერვისი 17.37-დან 20.62 ევრომდე ძვირდება; მგზავრის უსაფრთხოების სერვისის მოსაკრებელი კი 13.23-ის ნაცვლად 15.12 ევრო ეღირება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ბილეთის ფასს, დღემდე არსებული 38.78-ის ნაცვლად, 64.32 ევრო დაემატება.

KLM ნიდერლანდების სამეფო ავიახაზების წარმომადგენლები აცხადბენ, რომ ავიაკომპანია იზიარებს ნიდერლანდების ამბიციას, იყოს ლიდერი ავიაციის სექტორის მდგრადობაში და მხარს უჭერს ზომებს, რომელიც ეფექტურად დაეხმარება ავიაციის სექტორს, გახდეს უფრო მდგრადი.