ნიდერლანდებში ოთხი ავიაკომპანია 1 მილიონ ევროზე მეტით დაჯარიმდა ღამით შესაბამისი ნებართვის გარეშე ფრენისთვის და გამოუყენებელი სლოტების დაბრუნების გამო, განაცხადა ჰოლანდიის სატრანსპორტო ინსპექციამ.
ყველაზე დიდი ჯარიმა 930 ათასი ევრო EasyJet-ს დაეკისრა. British Airways 50 ათასი ევროთი დაჯარიმდა, TUI Airlines – 60 ათასი ევროთი, ხოლო Vueling Airlines-ი 25 ათასი ევროთი.
ნიდერლანდებში ავიაკომპანიებს შეუძლიათ თვითმფრინავების აფრენა და დაშვება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე თუ მათ გამოყოფილი აქვთ სპეციალური სლოტი ან თუ ეს აუცილებელი ღონისძიებაა ამინდის პირობების ან ტექნიკური პრობლემების გამო.
გარდა ამისა, ავიაკომპანიებმა უნდა აცნობონ საავიაციო ორგანოებს, თუ ისინი არ იყენებენ გამოყოფილ სლოტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამზიდველებს ემუქრებათ სხვადასხვა ზომები, დაწყებული გაფრთხილებიდან ჯარიმებამდე.
ახალი წესები ნიდერლანდებში 2021 წლიდან ამოქმედდა. ავიაკომპანიებს გაცილებით გაუჭირდათ ფორსმაჟორის გამოყენება ღამის ფრენების განსახორციელებლად, ნიდერლანდების სატრანსპორტო ინსპექციამ კი ჯარიმის დაკისრების უფლება მოიპოვა.