ნეპალის მთავრობა უცხოელი ტურისტების გადაადგილების მონიტორინგს იწყებს. ქვეყანაში შემსვლელი ყველა უცხოელი ტურისტის სავალდებულო რეგისტრაცია პირველად ხორციელდება.

თავდაპირველად, 17 სექტემბრიდან, ეს პროცედურა შეეხება კატმანდუს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მყოფ ტურისტებს. ამის შესახებ ქვეყნის იმიგრაციის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, რამ ჩანდრა ტივარიმ განაცხადა.

უცხოელი მოგზაურების თვალთვალის სისტემა NepaliPort-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც იმიგრაციის კონტროლის, მოგზაურობის მონაცემების ანალიტიკისა და მომსახურების მიმწოდებლებს (როგორიცაა სასტუმროები, სააგენტოები, ტრანსპორტის ოპერატორები) და მათ კლიენტებს შორის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

როგორც ტივარიმ აღნიშნა, სისტემა QR-კოდების სკანირებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით ავთენტიფიკაციას და ტურისტების რეალურ დროში თვალთვალს გულისხმობს.

მეორე ეტაპი 17 ნოემბრიდან დაიწყება და სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებს, ავიაკომპანიებს, ტურისტულ სააგენტოებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოიცავს.

„საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცების, ასევე ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების განვითარებისთვის, ქვეყნის შიგნით ყველა გადაადგილება და მოქმედება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს“, — განაცხადეს ნეპალის სამინისტროში.