საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში“ გამართული ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საავიაციო დარგის განსაკუთრებულ როლზე და საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გავხდით ტურისტული ქვეყანა და თავს ვიწონებთ იმით, რომ წელს სამჯერ მეტ ტურისტს მოვემსახურებით, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა, ესეც თქვენი დამსახურებაა. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის და ბევრი უცხოელი ბიზნესმენი ჩამოდის საქმიანი ვიზიტით, ესეც თქვენი დამსახურებაა. დღევანდელ საერთაშორისო ბიზნესში სისწრაფე, უსაფრთხოება, კონტაქტის სიმარტივე არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისითაც ვამაყობთ და ვინც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რადგან უსაფრთხო სამოქალაქო ავიაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, არის ჩვენი სახე, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დარგის გამოწვევებზე. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა, მიმდინარე წელს კი, რუსეთიდან ფრენების შეჩერების მიუხედავად, 11 თვის წინასწარი მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა 4 მილიონ 800 ათასზე მეტია. „ამ მაჩვენებლის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამურად შარშანდელზე ნაკლები მგზავრი არ გვეყოლება“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა

„ბოლო 3 წელიწადში, საქართველოს ბაზარზე 25 – მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ნიშნავს ახალ ტურისტებს, ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ავიატორებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესრულების კუთხით როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცეში“ – განაცხადა მინისტრმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობაზე და მიღწევებზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის არჩევაზე. მისი თქმით, ეს ასევე არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის რეფორმის აღიარება, რადგან ისტორიაში პირველად ხდება საქართველოს წარმოდგენელი ასეთი მაღალი რანგის არჩეული პირი.

ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების სტანდარტების დანერგვის კუთხით მიღწეული პროგრესი და განაცხადა რომ მუშაობა ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება. „ბოლო რამდენიმე წელიწადში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ ჩვენი შესატყვისობის ხარისხი პრაქტიკულად გასამმაგდა. 2013 წლის მონაცემებით, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების და მონიტორინგის თვალსაზრისით მოთხოვნების მხოლოდ 32 პროცენტს ვპასუხობდით, ახლა 88% – ს მივაღწიეთ. ეს, პრაქტიკულად, ხუთ წელიწადში გაკეთებული ნახტომია, მაგრამ წინ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს“ – აღნიშნა მინისტრმა.

საერთაშორისო ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ სექტორის წინაშე სააგენტოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო პროექტები წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.