ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრთან და ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან გამართა. აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანა დააყენა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პირველები გახსნიან საკუთარ ტურისტულ ბაზარს შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტურისტული ბაზრის გახსნას უცხოელი, მათ შორის, ლიეტუველი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გეგმავს. თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვ. მისი თქმით, საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანი.