საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია Ryanair-ი დააანონსებულ სამ მიმართულებას, რომლებიც 2019 წლიდან დაიწყება, კიდევ ერთ, მეოთხე მიმართულებას დაამატებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Ryanair-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შეთანხმებულები ვიყავით პირველ ეტაპზე სამი მიმართულებით ფრენის დაწყებაზე, თუმცა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სამ მიმართულებას დაემატება კიდევ ერთი – კიოლნის მიმართულება, რომლის ბილეთების გაყიდვა წელსვე, ხოლო ფრენები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
Ryanair-თან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი მოიცავს 2019-2020 წლებში თორმეტი ახალი, პირდაპირი მიმართულებით ფრენების დაწყებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
“პირველადი შეთანხმებით, 2019 წლის ბოლომდე ფრენები დაიწყება სამი ახალი მიმართულებით – ეს არის მილანის ბერგამოს აეროპორტი, სადაც ჩვენ არ გვაქვს ფრენა, ასევე მარსელი და ბოლონია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, სხვა დანარჩენი მიმართულებები დაანონსებული იქნება მომავალი წლის დასაწყისში და პრიორიტეტი იქნება, რომ ეს იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც დღეს ფრენებს არ ვახორციელებთ.
პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.