ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, საქართველო წარმოაჩინოს, როგორც ერთ–ერთი უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით, უნიკალური ტურისტული ცენტრი. ამის შესახებ მინისტრმა რუსული ავიასანქციების საპასუხოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს დღეები მე ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან. ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი საქართველოს ბაზარზე.

50–ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები და არცერთ მიმართულებას არ აქვს დომინირებადი როლი, თუმცა რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი, ეს არის ჩვენი ბაზრის 25%. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა. ჩვენ ვეხმარებით ქართულ ბიზნესს ყველა მიმართულებთ. აქცენტი ევროპაზეა, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიის ზარალს, როგორც ნათია თურნავა კერძო სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ეს წლიურ ჭრილში, დაახლოებით 750 მლნ აშშ დოლარი იქნება.

„წინასწარი გათვლები ორშაბათს ტუროპერატორებმა წარმოგვიდგინეს და ჩვენ ვენდობით მათ გათვლებს, რადგან ბიზნესმა უკეთ იცის, რასთან მაქვს საქმე. საუბარია, რომ წლის ბოლომდე მოლოდინი იყო ერთ მილიონამდე რუსი ტურისტის ჩამოსვლაზე, რაც დაახლოებით 750 მლნ აშშ დოლარის შემოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით შევძლებთ და შევარბილებთ ნეგატიურ ზემოქმედებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დანაკარგის შესამცირებლად, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ გამოწვევა დიდია“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსული ავიაკომპანიები – საქართველოში, ქართული ავიაკომპანიები კი რუსული მიმართულებით ავიარეისებს აღარ განახორციელებენ.