დავით ზალკალიანმა რადიო იმედის ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მოქმედი ხელისუფლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის 2024 წელს შეტანის შესახებ გეგმებზე მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების და კოორდინაციის შემდეგ განაცხადა.
„ეს არ უნდა იყოს ცარიელი გასროლა, ისეთი განცხადება რომელიც არაფერს მოგიტანს და შემდგომ მოგიწევს პასუხი, რისი მოწმეც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვიყავით. ვიზალიბერალიაზაციასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები რომ დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუმცა 2012 წლამდე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ გვქონია. შედეგი სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ მოიტანა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთახმებაც. ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, რომ მივსულიყავით ამ განხცადებამდე, რომ მზად ვართ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“ – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით შესრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, სწორედ ამ ნაბიჯებმა მიიყვანა ქვეყანა იმ წერტილამდე საიდანაც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.
„სწორედ ამის შედეგად გავაკეთეთ ეს განცხადება და დრო არის ძალიან ზუსტად შერჩეული და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს ამ განაცხადს გავაკეთებთ“- დასძინა მინისტრმა.
მინისტრი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხს. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც შარშან საქართველოში ჩატარდა და უპრეცენდენტო მასშტაბებით და სტუმრების უმაღლესი დონით გამოირჩეოდა, პარტნიორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის და არის ქვეყანა რომელიც ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას.
„ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ გვინდა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, ფიზიკური ინტეგრაცია შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ევროკავშირის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, საქართველოს მეტ ჩართულობას ენერგეტიკულ პროქეტებში, განათლების კუთხით მეტ ჩართულობას“ – აღნიშნა ზალკალიანმა.